ზურაბ ბენდიანიშვილი - რუსეთი დარწმუნებულია, რომ ამ რკინიგზას მაინც გახსნის, ეს არის პირდაპირი ზეწოლა თბილისზე

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სარკინიგზო ბრიგადების გამოჩენა და სამუშაოების ინტენსიური ტემპი კითხვებს აჩენს არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ ღრმა პოლიტიკურ განზომილებაში. მაშინ, როდესაც თბილისი ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებებს უარყოფს, მოსკოვი "ფაქტის წინაშე დაყენების“ ტაქტიკას იყენებს.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი Front News-თან ინტერვიუში აფხაზეთის რკინიგზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ეს პროცესი წარმოადგენს კრემლის მრავალშრიან გეოპოლიტიკურ თამაშს, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთზე ზეწოლას, საქართველოს სუვერენიტეტის გამოცდას და ახალი ლოგისტიკური დერეფნების ლეგიტიმაციას უკრაინის ომის ფონზე. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სამართლებრივი სტატუსი, თუ როგორ შეიძლება ამუშავდეს რკინიგზა ისე, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ შეილახოს?
- სოხუმიდან ენგურის ხიდამდე რუსული საინჟინრო ბრიგადები გამოჩნდნენ. კრემლი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას იწყებს, თბილისი კი აცხადებს, რომ არანაირი შეთანხმება არ არსებობს. რა დგას ამ „საჩვენებელი სამუშაოების“ უკან რეალური ეკონომიკური პროექტი თუ მორიგი გეოპოლიტიკური მახე?
- პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ თბილისი უარს არ ამბობს მოლაპარაკებაზე, ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. რუსეთთან, მართლაც ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. რა ფორმატში უნდა შედგეს ეს მოლაპარაკებები, ნამდვილად რთული წარმოსადგენია. რაღაც საუბრები თუ კულუარულად მიდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ოფიციალურ დონეზე შეთანხმება ხდება. თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთს საქართველოზე მართლაც ძალიან ძლიერი ბერკეტები გააჩნია. ეს ბერკეტები საკითხავია უკვე გამოყენებულია თუ აწი აპირებს გამოყენებას. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება და მაინც ვფიქრობ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ რკინიგზას გახსნიან.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ფაქტის წინაშე დააყენოს ან შიდა წნეხი შექმნას იმისთვის, რომ "ოცნებამ" რკინიგზის გახსნაზე თანხმობა თქვას? თუ რას გულისხმობთ იმ იმედში, რომ რუსეთი მაინც დარწმუნებულია ამ რკინიგზის გახსნაში?
- შიდა კრიზისზე არ არის ლაპარაკი, საუბარია იმაზე, რომ ზეწოლას ახორციელებს. არ ყოფილა მოსამზადებელი სამუშაოები საინფორმაციო თვალსაზრისით ქართული მხარის მხრიდან იმისათვის, რომ ეს საკითხი „გაყიდონ“ და მოსახლეობაში ამ რკინიგზის გახსნის თემა სათავისოდ შემოატრიალონ. რადგან ეს არ მომხდარა, ამიტომ ვვარაუდობ, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმება და რაიმე მორიგება არ არსებობს. ესეც ერთგვარი ტესტია რუსეთის მხრიდან - რამდენად ძლიერად იქვემდებარებს საქართველოს ხელისუფლებას თავის მიზნებში. გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, ამ რკინიგზას გახსნა უწერია, თუ მოკლე პერსპექტივაში არა.
- აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ეს მათი „შიდა საქმეა“. რამდენად აძლევს რუსეთს ეს სამუშაოები ბერკეტს, რომ თბილისს სოხუმთან პირდაპირი, ლეგიტიმური ეკონომიკური დიალოგი აიძულოს?
- არა, ასე არ მგონია. საქმე კი იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ირიბად გამოთქვა იმედი, რომ იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც „ოცნება“ რუსეთის მიმართ ახორციელებს, ეს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში მომგებიანი იქნებოდა, რუსეთის პასუხი კვლავ ასეთია: საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს პოზიცია მათ არ შეუცვლიათ. არანაირი დაშვება არ განუხორციელებიათ იმისა, რომ შესაძლოა, ეს პირობები შეიცვალოს რკინიგზის გახსნით ან სხვა რამით. ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რუსეთმა დღეს თქვას, რომ აფხაზებს და ქართველებს ვეხმარებით პრობლემის მოგვარებაში, დაახლოებაში და ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტაში. აქ უფრო ეს რკინიგზის საკითხი შეფუთული იქნება, როგორც რეგიონალური კონტექსტი, რომ რკინიგზის გახსნა ყველას ინტერესში შედის. ასე იქნება რუსეთის მხრიდან ეს საკითხი წარმოჩენილი.
- რამდენად არის ეს პროექტი დაკავშირებული სომხეთის იზოლაციიდან გამოყვანის მცდელობასთან და რა როლი აქვს ამაში დასავლურ სანქციებს, რომლებსაც რუსეთი თავს არიდებს?
- დიახ, ეს პროცესი სომხეთის პროცესების პარალელურად მიმდინარეობს. სომხეთი აპირებს რკინიგზის გადმოფორმებას და შესყიდვას. შესაბამისად, ამით სურთ, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის მართვისგან სრულიად თავისუფალი გახდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესების დაჩქარება ერთ-ერთი ბერკეტია იმისა, რომ რუსეთი ეტყვის: ჩვენ რკინიგზა გავხსენით და თუ ამას იზამთ, იაფ მარშრუტს დაგიბლოკავთ რკინიგზის მიმართულებით. რუსეთი ცდილობს ამით სომხეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მათ არ გადადგან ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც აპირებენ.
- თუ რუსეთმა რკინიგზა ენგურის ხიდამდე (საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე) მოიყვანა, რა საფრთხეებს უქმნის ეს საქართველოს უსაფრთხოებას სამხედრო თვალსაზრისით?
- რაღაც დამატებით რისკებს, რა თქმა უნდა, აჩენს, მაგრამ 2008 წლის ომმაც აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხრივ იმდენად მოწყვლადი ვართ, რომ ეს რკინიგზა დიდს არაფერს შეცვლის. საქართველოს სრულფასოვანი ანექსიისათვის რუსეთს რკინიგზა სულაც არ სჭირდება. კი ბატონო, უსაფრთხოებას ასუსტებს, რისკებს ზრდის, მაგრამ პრინციპულად, ამ თვალსაზრისით, საქართველოს მოწყვლადობის მხრივ არაფერი იცვლება ისეთი, რაც ისედაც არ არის.
ამ რკინიგზის გახსნის კონტექსტში ძალიან ბევრი „ძაღლის თავია დამარხული“. საქმე კი იმაშია, რომ რკინიგზის გახსნით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, შესაძლოა, საქართველოსთვისაც გარკვეული სახის სარგებლობა ჰქონდეს, რადგან რაც უფრო ბევრი ქვეყნის ინტერესია ასეთ დროს გამოკვეთილი, უსაფრთხოების გარანტიები მით უფრო ძლიერია. ეკონომიკური ინტერესები, ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით ინტერესს აძლიერებს. თუმცა, თუ რუსეთის ინტერესები ეკონომიკურად ისეა დაბალანსებული, რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტს პრობლემებს არ უქმნის, ესეც ძალიან კარგია. მეორე მხრივ, ნებისმიერი საკომუნიკაციო ხაზის გახსნა დამატებითი საშემოსავლო რესურსია.
- რა სახის სამართლებრივ გამოსავალზეა საუბარი, თუ რუსეთი არ წაიღებს აღიარების პოლიტიკას და საქართველო კი არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას გადახედოს?
- აქ მთავარი პრობლემაა სამართლებრივი მექანიზმები. იმ პირობებში, რა პირობებშიც აფხაზეთის ტერიტორიაა ოკუპირებული, იქ არანაირ სამართლებრივ გავლენის სივრცეს რუსეთისას არ ვცნობთ. ასევე არ ვცნობთ აფხაზეთისას. როგორ შეიძლება ამ რკინიგზამ იფუნქციონიროს და რა სამართლებრივი გზა იქნება ამისთვის გამოყენებული? შეგახსენებთ, რომ როდესაც რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანება სურდა, მაშინ შედგა შეთანხმება, რომ შვეიცარიულ კომპანიას ტვირთების ბრუნვა უნდა გაეკონტროლებინა. თუმცა იქ საქართველოს მთლიანობას სამართლებრივად საფრთხე არანაირად არ დაემუქრებოდა. იყო დერეფანი ცხინვალის და აფხაზეთის გავლით, სადაც ეს ტვირთები უნდა აღრიცხულიყო.
ჩვეულებრივად ორ ქვეყანას შორის საბაჟო პროცედურები განხორციელდებოდა. მაშინ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ახლა მსგავს რაიმე ქმედებაზეც არ არის საუბარი. არანაირი შვეიცარიული კომპანია ახლა აქ არ ჩანს. ყველაზე საინტერესოა, თუ ეს დაიწყო, სამართლებრივად როგორ იქნება გადაწყვეტილი ისე, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ სტატუსის კონტექსტში გამოსავლის ძიებაშია? რამდენად აშინებთ ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი რეაქცია?
- კი ბატონო, ეს პრობლემის ერთი მხარეა, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაზიანდება და ეს გაცილებით რთული პროცესია, რაც ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას. მეტ-ნაკლებად „ოცნებას“ საკუთარ ამომრჩეველში ძლიერი ბალანსი აქვს, ამიტომ მხარდამჭერების შიში უფრო არ აქვთ. უფრო იმის შიში აქვთ, რომ სუვერენიტეტი დაზიანდება და ხელისუფლებისთვის ეს უფრო მძიმე აღმოჩნდება.
დღევანდელი საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარზე რამდენად არის დამოკიდებული და რა სახით, იმაზე აღარ ვსაუბრობ. აქედანაც გადის პროდუქცია და იქიდანაც იაფი პროდუქცია შემოდის. ეს ხელს უწყობს ჩვენს ბაზარს. ამას თუ რკინიგზა და იაფი ტრანსპორტი დაემატება და ამით ჩვენი მეზობელი სომხეთი სარგებელს მიიღებს, ამაში ცუდი არაფერია. მთავარ საკითხს მე მაინც აქ ვხედავ სამართლებრივ მხარეს: როგორ შეიძლება ეს პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ დაზიანდეს და ამ რკინიგზამ ფუნქციონირება შეძლოს.
- დასასრულს, ბატონო ზურაბ, მინდა გკითხოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფედერაციის საკითხზე. გახსოვთ, ალბათ, ამაზე 2024 წლის არჩევნების წინა პერიოდში მიდიოდა საუბარი. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ საქართველომ გარკვეული მიზეზების გამო კონფედერაციაზე უარი თქვა. რამდენად ფიქრობთ, რომ ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დაბრუნდეს?
- ჩვენებმა შესაძლოა, შესთავაზონ, მაგრამ რუსეთის მხრიდან ჯერ არ იგრძნობა ისეთი იმპულსები, რომ ისინი მზად არიან საქართველოსთან რაღაც დათმობებზე საუბრისათვის. არც მაშინ არ დაუფიქსირებიათ. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი კლიმატი და გარემო - ვინაიდან ისინი რუსეთის წინააღმდეგ არც სანქციებით და არც მკვეთრი განცხადებებით არ წავიდნენ, ვინაიდან საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ამან რუსეთთან გარკვეული სახის გარიგება გამოიწვიოს. ცხინვალშიც კი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, ქართველებზე ისევე გაგვყიდონ, ყველაზე მარტივი დასარტყმელი მონეტა ვიყოთო. აფხაზეთშიც იმიტომ დაფიქრდნენ კონფედერაციის საკითხზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კუთხით გაჩნდა მოლოდინი, რომ რაღაც გარიგება არსებობს.
ეს არჩევნები დასრულდა და რუსეთმა მტკიცედ დააფიქსირა ის, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ამიტომ ჯერჯერობით არ მგონია, რომ ამის პერსპექტივა არსებობდეს რუსული პოზიციიდან გამომდინარე. ასევე მგონია, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, რუსეთი ამ მიმართულებით თავის მკაფიო პოზიციას არ დააფიქსირებს. ვფიქრობ, რომ საქართველომაც არ უნდა იჩქაროს, რადგან ომის დასრულების პროცესში მაგიდაზე ბევრი რამ შესაძლოა, დაიდოს და მათ შორის საქართველოც.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ზურაბ ბენდიანიშვილი




