ზურაბ ბენდიანიშვილი - სი ძინ პინი რუსეთში ჩავიდა იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა გავლენა აქვს კრემლზე, დღეს ჩინეთი კარნახობს პუტინს პირობებს და არა პირიქით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას და მასზე დათანხმებას რუსეთისგანაც ითხოვს. მისი თქმით, ამერიკა ამ საკითხში მხარს უჭერთ. "ნებისმიერი პირობის წაყენება ნიშნავს სურვილს, გაიწელოს ომი და ჩაშალოს დიპლომატია. ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი: ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კი კიევში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გააძლიერებენ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან.
შევიდა თუ არა უკრაინის ომზე მოლაპარაკებები ჩიხში და როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა ომის დასრულებასთან დაკავშირებით? ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი საუბრობს.
- ტრამპის საგარეო პოლიტიკა გლობალურადაც ჩიხშია შესული იმიტომ რომ ტრამპმა სატარიფო ომში ვერ გაიმარჯვა, ახლა ყველა ამბობს, რომ ამ ომში ტრამპი ნამდვილად დამარცხდა და არაფერი გამოუვიდა. აშშ-ს არც ირანთან მოლაპარაკებებში გამოსდის რამე. ვერც ჰამასის პრობლემაა გადაწყვეტილი. ახლა უკვე დაწყებულია ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. როგორ ხედავთ ახლა ტრამპის საგარეო პოლიტიკას?
- ტრამპის ყველაზე დიდი შეცდომა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ის არის, რომ მან მოკავშირეები მიატოვა. ამიტომ მოკავშირეების და ევროკავშირის გარეშე დარჩენილი ტრამპის შედეგებია ის, რაც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. თავადაც მგონია ტრამპი ხვდება უკვე და იძულებულია ამ პოლიტიკას გადახედოს. ხედავს, რომ რუსეთი და ჩინეთი მასზე ცბიერები არიან. მათი გახლეჩა შეუძლებელი იქნება. ამიტომ იძულებული იქნებოდა ტრამპი, რომ ძველ პოლიტიკას დაჰბრუნებოდა. თავად ამერიკა დაკარგავს მაშინ უკვე ჰეგემონიის როლს. არადა ამ როლს მისი მოკავშირეები აძლიერებდნენ. ამიტომ ახლა ის ამ პოლიტიკის დაბრუნების პროცესშია. ევროკავშირის, ნატოსთან პარტნიორობის გარეშე მას არაფერი გამოუვა. მან უნდა აღადგინოს და დაუბრუნდეს იმ მოლაპარაკებებს, სადაც უკრაინაც და ევროპაც წარმოდგენილები იქნებიან და საკუთარ ინტერესებს დაიცავენ. ეს იქნება გამოსავალი, ის რაც უკრაინის მიმართულებას შეეხება. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკამ იარაღის მიწოდებაც აღადგინა უკრაინისთვის. ამიტომ ტრამპის ამ საგარეო გეგმამ არ გაჭრა და ის პირიქით ჩიხში შეიყვანა. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ის ევროპასთან ერთად ჩვენ კონტინგენტზე პრობლემების გადაჭრას შეეცდება.
- ევროპის ლიდერები ცდილობენ რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე წავიდეს. ამ თემაზე განცხადებები კი კეთდება, მაგრამ, ჩინეთმა რუსეთს დაუჭირა მხარი და დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი რუსეთისთვის ჩინეთის დახმარებით გაგრძელდება. ეს იქნება როგორც ეკონომიკურ ომში როგორც ტრამპზე, ისე ევროკავშირზე ზეწოლის ინსტრუმენტი?
- ჩინეთის მთავარი სავაჭრო მოკავშირე ევროკავშირია და არსად გამიგია, რომ ამის გადახედვა ხდებოდეს. უფრო მეტიც, ჩინეთთან ევროკავშირის მაკავშირებელი დერეფნის გახსნაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, სი ძინ პინი რუსეთში ჩავიდა იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა გავლენა აქვს კრემლზე. დღეს ჩინეთი კარნახობს პუტინს პირობებს და არა პირიქით. რა თქმა უნდა, ამ ინტერესიდან გამომდინარე ჩავიდა. ჯერ ზედაპირზე არ არის, მაგრამ თუნდაც ანაკლიის ტერმინალთან დაკავშირებით ჩინეთს და რუსეთს შორის დიდი უთანხმოებაა. ამ შემთხვევაში ეს იყო დემონსტრირება იმის, რომ ეს სამყარო ცალკე ძალას წარმოადგენს და არა მხოლოდ ევროპა და ამერიკა არიან მსოფლიოს წამყვანი ძალა.
- ტრამპი უკვე დათანხმდა იმას, რომ ჩინეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინის საკითხში მიმდინარე მოლაპარაკებებში, რა სახის გეოპოლიტიკურ თამაშს ვადევნებთ თვალს, ტრამპმა დაკარგა ამ ომის დასრულებაზე დომინანტობა?
- ტრამპი მიხვდა, რომ მისი სიტყვა ერთადერთი და გადამწყვეტი არ არის ამ ქვეყანაზე. ანუ ამერიკა ვერ გახდა ამ ომის დასრულების გარანტი და ჰეგემონი ამ პროცესში. ტრამპს ჰქონდა კომერციული და მერკანტილური ინტერესები. ის ღიად ამბობდა, რომ რუსეთთან დიდი ეკონომიკური გეგმები ჰქონდა. შემდეგ უკრაინასთანაც გააფორმა მინერალებთან დაკავშირებით ხელშეკრულება. ვერ დადგა შედეგი და ვფიქრობ, რომ ჩინეთის შემოყვანა ამ პროცესში ძალიან კარგია. ჩინეთს უკრაინაში არ უნდა გავლენის მოპოვება. სადაც კონფლიქტი მიმდინარეობს ის არ ცდილობს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას. პირიქით, ჩინეთი აღიარებს მის ერთიანობას. რუსეთი ბევრად არის ჩინეთზე დამოკიდებული და ანგარიშის გაწევა უწევს. თუკი რუსეთი ევროკავშირს ანგარიშს არ უწევს და იქით დასცინის, რომ ენერგოდამოკიდებულება სანამ არის მათზე ისინი დიდად ანგარიშგასაწევი ძალა არ არიან, ჩინეთის და ამერიკის ტანდემი ერთად თუ გამოვიდნენ, მაშინ რუსეთი იძულებული გახდება მათ ანგარიში გაუწიოს. მით უმეტეს ჩინეთი ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, რადგან მსგავსი პრობლემა მასაც გააჩნია.
- ელით, რომ ტრამპი უახლოეს პერიოდში უკრაინის ომთან დაკავშირებით რიტორიკას შეცვლის? ეს მოლოდინი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან საკადრო ცვლილებები განახორციელა და რუსეთთან დაკავშირებით არაერთი მუქარა გააჟღერა. რა სახით არის ეს ცვლილება მოსალოდნელი?
- მე მგონია, რომ ეს რიტორიკის ცვლილება უკვე ჩანს. ამასაც ზღვარი გააჩნია, რადგან სანამ ამერიკა ამ ომში შუამავლობას ცდილობს, ის დიდი ხნის განმავლობაში ამ რიტორიკის შენარჩუნებას ვერ შეძლებს და შეზღუდული იქნება. პუტინის სამხედრო კამპანია მიდის იქამდე რომ ყველამ თავის წრეში უნდა დაალაგოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა და რუსეთი ობიექტურად ისევ სხვადასხვა ბანაკებში აღმოჩნდებიან, როგორც აქამდე იყო. უბრალოდ ტრამპმა შექმნა ილუზია, რომ ყველაზე მაღლა იდგა და სიტუაციას დაალაგებდა. თუმცა უკვე იკვეთება კონტურები, რომ ჩინეთის და რუსეთის ცბიერებას მხოლოდ ტრამპი ვერაფერს უზამს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ზურაბ ბენდიანიშვილი