ზურაბ ჯაფარიძე - დედა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთადერთი, რასაც სულ განიცდის, ოკუპაციის ხაზის აქეთ მხარეს არ გააჩნია არაფერი, ერთი ფისოს გარდა


ავტორი
Front News საქართველო
გელა ხასაია - 50, მაქსიმუმ 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელი, რომელსაც რუსულ ტრადიციულ, თავხედურ, ცინიკურ სტილში რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მხოლოდ მონას შეუძლია სჯეროდეს, რომ ასეთ უსამართლობას ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია.
"გელა ხასაია როცა გავიცანი აფხაზეთზე წერდა/ლაპარაკობდა, უსამართლობას აპროტესტებდა და ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ვინც კი რაიმეს სთხოვდა.
მერე, როცა შედარებით უკეთ გავიცანი, მივხვდი, რომ ეს სამი ‘’საქმე’’ იყო რისთვისაც დილით იღვიძებდა და ლოგინიდან დგებოდა.
გალიდან არის და ღრმა ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა გადაწერილ ისტორიას, რომელსაც იქ ასწავლიდნენ. ცოტა რომ წამოიზარდა, იმდენი ირბინა ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთჯვრიანი დროშით, სანამ რუსების მხრიდან დასაჭერად არ გაუხდა საქმე და აქეთ გადმოვიდა.
ბევრმა არ იცის, რომ ცოტა ხანი ევროპაში ცხოვრობდა. ცოტა ხანი იმიტომ, რომ ვერ ძლებს ვერსად ამ ქვეყნის მიღმა. აქედან ბევრი მიდის და ცოტა ბრუნდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით. ის დაბრუნდა და ცხოვრობს ‘’კპზ’’-დან ‘’კპზ’’-მდე.
ამაზე თითქმის არასდროს ლაპარაკობს - ყოველ ჯერზე, როცა აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება ე.წ ‘აფხაზური მილიცია’ და ურჩევს დაელაპარაკოს შვილს, რომ შეეშვას თბილისში პოლიტიკურ აქტივობას.
ამიტომ არასდროს დასჭირვებია დამატებითი მტკიცებულება, რომ “ქართული სირცხვილი” სინამდვილეში რუსული მმართველობაა.
დედა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთადერთი, რასაც სულ განიცდის და რაზეც სულ ფიქრობს. დედა, რომელსაც ძალიან იშვიათად ნახულობს, რადგან ვეღარ გადადის გალში. ხშირად ელაპარაკება ტელეფონით. ოკუპაციის ხაზის აქეთ მხარეს არ გააჩნია არაფერი, ერთი ფისოს გარდა. საერთოდ არაფერი.
როდესაც წლების წინ მისმა ოჯახმა რაღაც თანხას მოუყარა თავი, რომ მისი მომავლისთვის რამეში დაებანდებინათ, ადგა და სოხუმში იყიდა პატარა ბინა.
კი, ერთადერთი რაც აქვს, არის პატარა ბინა სოხუმში და რწმენა, რომ იქ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება.
ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ როგორც კი აფხაზეთში დავბრუნდებით, იმ ბინაში უნდა დავთვრეთ.
ახლა, ალბათ, წევს საკანში და ნერვიულობს, რომ ვიღაცას რაღაცაში დახმარებას დაჰპირდა და ვერ შეუსრულებს.
ეს არის გელა ხასაია.
50, მაქსიმუმ 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელი, რომელსაც რუსულ ტრადიციულ, თავხედურ, ცინიკურ სტილში რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია.
რამდენჯერმე გაასამართლეს სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობისთვის და ახლაც ვიღაცისთვის ხელის მოტეხას ტენიან, რომ 4-6 წლით გაუშვან ციხეში.
მხოლოდ მონას შეუძლია სჯეროდეს, რომ ასეთ უსამართლობას ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია. ბოლოშა!" , - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია 29 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. გელა ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს