Logo

ზურაბ ჯაფარიძე - უარი ტყუილში მონაწილეობაზე არის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ერთადერთი სწორი სტრატეგია გამარჯვებისთვის

პოლიტიკა
246
Frontnews image description

ჩემთვის პრინციპული საკითხია ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმა. ნებისმიერ ტყუილში, რადგან რეჟიმი დგას ტყუილზე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისივე თქმით, თითოეული მოქალაქის, და პირველ რიგში, პოლიტიკოსების მხრიდან უარი ტყუილში მონაწილეობაზე არის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ერთადერთი სწორი სტრატეგია გამარჯვებისთვის. 

“აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1-კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს დაფიქსირებული იმ ე.წ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს. 

ჩემთვის პრინციპული საკითხია ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმა. ნებისმიერ ტყუილში, რადგან რეჟიმი დგას ტყუილზე. თითოეული მოქალაქის, და პირველ რიგში, პოლიტიკოსების მხრიდან უარი ტყუილში მონაწილეობაზე (და უკვე შემდეგ გამბედაობა, რომ სიმართლე ხმამაღლა იყვირო) არის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ერთადერთი სწორი სტრატეგია გამარჯვებისთვის. 

მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს (შეიძლება ვერ ვხსნი გასაგებად), ამიტომ აქ სხვა რაღაცებს დავწერ. 

1. ამოცანა არაა კამათი მოვიგოთ და უფრო მაგარი გამოვჩნდეთ. ამოცანაა - რეჟიმი დავამარცხოთ. 

ნებისმიერი მცდელობა მამუკა ხაზარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენების, იმის პირდაპირ თუ ირიბად მითითებით, თითქოს შანსი იყოს რომ ივანიშვილს გაურიგდა, რადგან დისკუსიას ითხოვს ამ ე.წ არჩევნების საკითხზე, არის კონტრპროდუქტიული. 

იგივე ლოგიკით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არის გარიგებული, რადგან ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია მგონია პრინციპული. შევეშვათ ამ მარაზმს, სირცხვილია. 

2. არანაირ დედაქალაქს ან დიდ ქალაქებს რეჟიმი არ დათმობს. ეს არის ზღაპარი.

აქ მილიონი არგუმენტის დაწერა შეიძლება, მაგრამ მთავარი კითხვა არის - რა ხდება, თუ რეჟიმი აკეთებს იმავეს, რაც გააკეთა 26 ოქტომბერს და წერს იმ რიცხვებს, რა რიცხვებიც უნდა? 

სანამ ამ კითხვაზე არ გვექნება შეთანხმებული პასუხი, მანამდე ხალხს არჩევნებზე ვერ დავუძახებთ, იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვით, იქნება ტყუილი და ეს ხალხმაც იცის. 

3. შედარება 2003 და/ან 2012 წელთან, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზაციით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების ცვლილება - არარელევანტურია. 

არც 2003-ში და არც 2012-ში ხელისუფლებაში რუსები არ იყვნენ. ორივე ეგ ხელისუფლება სენსიტიური იყო დემოკრატიული დასავლეთისგან მომავალი კრიტიკისადმი და არცერთი არ იყო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იმაზე წამსვლელი, რაზეც ეს რეჟიმი უკვე მიდის ან აწი წავა. ანუ გამოდის რომ, ამ რეჟიმის რეალურ ბუნებაზე ვერ ვთანხმდებით? 

4. სამოქალაქო სექტორი ხელოვნურ სუნთქვაზეა. 

მედია მოახრჩეს. გამოხატვის თავისუფლებას კლავენ. ოპო პარტიებს გუდავენ. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მათ ხელში და ხელით მართვაზეა. საარჩევნო დავები მურუსიძესთან მიდის. საარჩევნო პროცესზე დაკვირვება აკრძალეს. ტიტუშკების და ბოტების არმიები ჰყავთ მობილიზებული. გისაფრდებიან, გცემენ, გიტაცებენ, გიჭერენ და მეორე მხარეს,  სრული დაუსჯელობაა. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ასეთ პროცესში მონაწილეობის არ მიღება უბრალოდ პრაგმატულად სწორი კი არა, არამედ თავმოყვარეობის საკითხი ხდება. 
რომ დაგვავალდებულონ კლოუნის წითელი ცხვირებით იარეთ, თორემ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოგხსნითო, უნდა ვიაროთ? სად გადის ეს ზღვარი? 
- შსს/პროკურატურაში დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას
- წულუკიანთან დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას
- მანდატებზე ვამბობთ უარს, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას
- სასამართლო დარბაზიდან გავდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას

მაგრამ ე.წ ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ? ეგ არ არის ცირკი? 

აკრობატულ ნომერს არ შევასრულებ, რადგან ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ცეცხლწაკიდებულ რგოლში თავით გავძვრები და ჰოპს დავიძახებ, გაუგებარია. 

თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. თუ ცირკია, ყველგან ცირკია. 

რეჟიმის მიზანია, გვაქციოს კლოუნებად. არათანმიმდევრულობა ეხმარება მათ ამ საქმეში.

5. აბა რა ვქნათ?

მე აქედან ჭკუის სწავლებას არ დავიწყებ. მეორე პუნქტში რა კითხვაც დავწერე, იმ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. და მაგ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ყველას ერთად შეგვიძლია გავცეთ. ოღონდ ჯერ ერთად უნდა დავსხდეთ და მაგაზე ლაპარაკი დავიწყოთ. 

მანამდე კი, ეს ე.წ არჩევნები ამ ოქტომბერში რომ არ ყოფილიყო და 2027წლის ოქტომბერში რომ ყოფილიყო, მაშინ რას ვაკეთებდით? ვჩერდებოდით? ვიღუპებოდით? 

აი, რასაც მაშინ გავაკეთებდით, ეგ გავაკეთოთ", - წერს  ზურაბ ჯაფარიძე.

Advertisement