Logo

ზურაბ პატარაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

რეგიონები
116
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელთან, შოთა ყიფიანთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მისალოცი წერილი გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარე ომის ვეტერანს მეუღლესთან ერთად ესტუმრა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ომის ვეტერანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.

"ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ომის ვეტერანებზე, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. მნიშვნელოვანია მათთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა. თქვენი ცხოვრება არის განსაკუთრებული მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის და არასდროს მიეცემა დავიწყებას“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ქეთევან ლორიამ მეორე მსოფლიო ომში სამი წელი და ხუთი თვე გაატარა. ომის დასრულების შემდეგ კი პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო და განათლების სფეროს 56 წელი მიუძღვნა. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, სოფიო ბაკურიძემ ქეთევან ლორიასთან საუბრისას მისი, როგორც პედაგოგის მიერ განვლილი გზის ეპიზოდებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენ რეგიონს ამშვენებენ ამაგდარი პიროვნებები და ქალბატონი ქეთევანი მათ შორისაა, ვინც პროფესიული საქმიანობის მაგალითია.

ქეთევან ლორია მალე 103 წლის გახდება. აღსანიშნავია, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 100 წელს გადაცილებული, აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები ყოველწლიურად, დაბადების დღეზე, 5 000-ლარიან დახმარებას იღებენ.

ომის ვეტერანები სარგებლობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი პროგრამით. ასევე, ბათუმის მერიის მიზნობრივი სოციალური პროგრამებით. ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, წელს დამატებითი ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაიცა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქართველი კაპიტნის - ანატოლი კაჭარავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები